29 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა პერსონალის რიგით მე-13 საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 10 ქვეყნის 14 პარტნიორი უნივერსიტეტის 30-მდე წარმომადგენელმა.
საერთაშორისო კვირეულის მთავარი თემა იყო „მობილობა: ინოვაცია, მდგრადობა და ადამიანზე ორიენტირებული ინტერნაციონალიზაცია“(Beyond Mobility: Innovation, Sustainability, and Human-Centred Internationalisation), რომელიც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თანამედროვე ტენდენციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს შეეხებოდა.
კვირეულის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსია გახსნა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ. მონაწილეებს მიესალმა და ფაკულტეტზე მიმდინარე საერთაშორისო პროექტებსა და თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ. ღონისძიებას ესწრებოდა თსუ კანცლერი, ბატონი ლაშა საღინაძე.
გაცვლითი პროგრამების გავლენის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები დამსწრე საზოგადოებას გააცნო თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ფირცხალავამ. საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ქვეყნის შესაძლებლობებზე ისაუბრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა იოსებ ხელაშვილმა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ერაზმუს+ გაცვლით პროგრამებში ჩართული სტუდენტები და პროფესორები. მათ საერთაშორისო მობილობის გამოცდილება, გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.
საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბლუმბერგის ფინანსური ბაზრების ლაბორატორია და გაეცნენ მის შესაძლებლობებს.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები და პროფესიული დისკუსიები ხელს უწყობს პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განვითარებას.
პერსონალის საერთაშორისო კვირეული წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, აკადემიური კავშირების განმტკიცებისა და საერთაშორისო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების ჩამოყალიბებისთვის.